English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ გიორგი კრავეიშვილი
საქართველოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფონზე

Doi: 10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.03.Giorgi.Kraveishvili

ანოტაცია. სტატიის მიზანი არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შედარებითი ანალიზის ჩატარება, რისთვისაც შევიმუშავებთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ინდექსს. მიღებული შედეგები საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ საქართველოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფონზე, ვნახოთ ის მიმართულებები, რომლებიც ხელს უწყობენ თუ აფერხებენ ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. მიღებული შედეგების საფუძველზე სტატიის ბოლოს წარმოვადგენთ რეკომენდაციებს.

საკვანძო სიტყვები: ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, უთანასწორობა, სიღარიბე, პოსტსაბჭოთა ქვეყნები.

 შესავალი

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის დღისწესრიგში. გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-8 სწორედ მდგრადი ინკლუზიური განვითარებაა,  რომელმაც უნდა შექმნას ყველასათვის ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა. [United Nations, 2015: 16]. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობა აზიის განვითარების ბანკის სტრატეგიაში პირველად 2008 წელს გამოჩნდა. ის „სტრატეგია 2020“ ის სამი ძირითადი მიმართულებიდან პირველი იყო. (ეკოლოგიურად მდგრად ზრდასა და რეგიონალურ ინტეგრაციასთან ერთად). [Asia Development Bank, 2008: 11] ასევე „ სტრატეგია 2030“ ის 4 ძირითადი მიმართულებიდან მე-2 სწორედ ინკლუზიურობაა. [Asia Development Bank, 2018: I]. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიხედვით ეკონომიკური ზრდა არ არის თვითმიზანი. მთავარი მიზანი მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონის გაუმჯობესებაა. უთანასწორობის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე მისი ზემოქმედების პრობლემის მოგვარება კი, მხოლოდ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. [Organisation for Economic Co-operation and Development, 2014: 8].

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საყოველთაოდ მიღებული განმარტება არ არსებობს. აზიის განვითარების ბანკი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას განიხილავს, როგორც ერთის მხრივ ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას, ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნულ შესაძლებლობებთან საზოგადოების წევრების უფრო ფართო წვდომას, რათა მათ შესძლონ ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობა და მისგან სარგებლის მიღება. [Asia Development Bank, 2008: 11]. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიხედვით ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა ორიენტირებულია ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებაზე და ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებლის უფრო სამართლიან და თანასწორ გადანაწილებაზე მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის [Organisation for Economic Co-operation and Development, 2014: 8]. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განმარტებით ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის ათწლეულების განმავლობაში მდგრადი წარმოების ზრდა, რომელიც ფართოდ მოიცავს მთლიან ეკონომიკას, საშუალებას აძლევს ქვეყნის სამუშაო ძალის დიდ ნაწილს, რომ იყოს დასაქმებული და ამით ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას. [World Economic Forum, 2015: 1].

როგორც ვხედავთ სხვადასხვა ორგანიზაციების განმარტებები იდენტური არ არის, თუმცა ყველა მათგანი აქცენტს აკეთებს ერთსა და იმავე ფაქტორებზე, როგორიცაა სიღარიბის შემცირება, უთანასწორობის აღმოფხვრა, დასაქმება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ თუ რატომ გახდა ასე აქტუალური ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის დღისწესრიგში. აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს სამ მიზეზს, თუ რატომ უნდა იყოს ზრდა ინკლუზიური [Asia Development Bank, 2011: 4]:

  • თანასწორობის და სამართლიანობის ეთიკური თვალთახედვიდან გამომდინარე ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური და ნაწილდებოდეს მოსახლეობის ფართო სეგმენტზე და რეგიონებზე. ეკონომიკური და სხვა შოკები ძირითადად ზიანს აყენებენ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილს, ამიტომ მიუღებელია ისეთი ზრდა, რომელიც მაღალ უთანასწორობას წარმოშობს.
  • ზრდა, რომელიც ვერ აღმოფხვრის ქვეყანაში არსებულ უთანასწორობას, შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს სოციალური სიმშვიდისთვის. უთანასწორობამ შეიძლება მოსახლეობის ღარიბ და უმუშევარ ფენას კრიმინალური აქტივობისკენ უბიძგოს, ქალები გახადოს მეტად დაუცველი პროსტიტუციის წინააღმდეგ, გამოიწვიოს ბავშვების არასასურველ შრომაში ჩართვა. ყველაფერი ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი ნაწილის შესუსტებას და უზარმაზარი ადამიანური კაპიტალის არაეფექტიანობას, მაშინ როდესაც აღნიშნული ადამიანური რესურსი შეიძლება გამოყენებული იყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რაც სარგებლის მომტანი იქნება მთელი ქვეყნისთვის.
  • ქვეყანაში ხანგრძლივი დროით არსებულმა უთანასწორობამ შეიძლება მიგვიყვანოს მოსახლეობის მხრიდან მკვეთრი რეაქციის გამოხატვამდე. აღნიშნულმა რეაქციამ შეიძლება ასახვა ჰპოვოს სამოქალაქო არეულობებში, პოლიტიკურ ვნებათაღელვაში და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

მოცემული კვლევის მზიანი არის თემის აქტუალობიდან გამომდინარე შეაფასოს საქართველოს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს გამოვკვეთოთ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავე ქვეყნები, რომელთა განვლილი გზის და საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილება შესაძლოა ღირებული იყოს საქართველოსთვის. ამ მიმართულებით ნაშრომის შედეგები საშუალებას მოგვცემს წინაპირობა შევქმნათ კვლევის შემდგომი გაღრმავებისთვის და ჩამოვაყალიბოთ კვლევის პერსპექტიული მიმართულებები. 

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შეფასების მეთოდოლოგია

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად განვიხილავთ აზიის განვითრების ბანკისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას.

აზიის განვითარების ბანკმა 2011 წელს ქვეყნის განვითარების ინკლუზიურობის გასაზომად ჩამოაყალიბა „ინკლუზიური ზრდის ინდიკატორების სტრუქტურა“ აღნიშნული სტრუქტურა მოიცავს 8 ჯგუფში გაერთიანებულ 35 ინდიკატორს. ეს 8 ჯგუფია: 1. სიღარიბე და  უთანასწორობა; 2. ეკონომიკური ზრდა და დასაქმება; 3. საკვანძო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა; 4. განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა; 5. წვდომა ძირითად კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე და მომსახურებებზე; 6. გენდერული თანასწორობა და შესაძლებლობები; 7. სოციალური დაცვის სისტემა; 8. კარგი მმართველობა და ინსტიტუტები. [Asia Development Bank, 2011: 56]. ქვემოთ მოცემული აღნიშნულ 8 კატეგორიაში შემავალი ინდიკატორები ჯგუფების მიხედვით:

1. სიღარიბე და  უთანასწორობა: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის პროცენტული წილი; მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლის შემოსავალი დღეში 2 $ ზე ნაკლებია; მოსახლეობის ყველაზე მაღალშემოსავლიანი / მაღალი მოხმარების მქონე 20% ის თანაფარდობა ყველაზე დაბალშემოსავლიან / დაბალი მოხმარების მქონე 20% თან; სკოლაში სწავლების საშუალო წელი; 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ნორმაზე გამხდართა ხვედრითი წილი; 5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის დონე;

2. ეკონომიკური ზრდა და დასაქმება: მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით; მოსახლეობის ერთ სულზე  საშუალო შემოსავლის / მოხმარების ზრდის მაჩვენებელი (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით); დასაქმების დონე; დასაქმების ელასტიკურობა მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებაში; ყოველ 100 დაქირავებით დასაქმებულზე თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა;

3. საკვანძო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა: მოსახლეობის ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება; მყარი ზედაპირის  მქონე გზების პროცენტული წილი; ყოველ 100 ადამიანზე მობილური ტელეფონის აბონენტთა რიცხვი; მეანაბრეთა რიცხვი ყოველ 1000 ზრდასრულ ადამიანზე;

4. განათლებაზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა: სასკოლო ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა; მოსწავლე-მასწავლებლების თანაფარდობა (დაწყებით სკოლაში); დიფტერიით, ტეტანუსის ტოქსოიდით და პერტრუსით აცრილთა წილი 1 წლამდე ბავშვებში; ექიმები, ექთნები და ბებიაქალები მოსახლეობის ყოველ 10 000 სულზე; განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯების წილი სახელმწიფოს მთლიან ხარჯებთან მიმართებაში; ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯების წილი სახელმწიფოს მთლიან ხარჯებთან მიმართებაში;

5. წვდომა ძირითად კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე და მომსახურებებზე: მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელთაც წვდომა აქვთ ელექტროენერგიაზე; მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებიც მყარ საწვავს იყენებენ საკვების მოსამზადებლად; მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებიც სასმელი წყლის გაუმჯობესებულ წყაროებს იყენებენ; მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებიც გაუმჯობესებულ სანიტარულ სისტემას იყენებენ;

6. გენდერული თანასწორობა და შესაძლებლობები: გენდერული თანასწორობა პირველად, მეორეულ და მესამეულ განათლებაში; მშობიარობამდე გამოკვლევა (მინიმუმ ერთი ვიზიტი); გენდერული თანასწორობა სამუშაო ძალაში; სახელმწიფო პარლამენტში ქალთა მიერ დაკავებული ადგილების პროცენტული წილი;

7. სოციალური დაცვის სისტემა: სოციალური დაცვა და შრომის რეიტინგი; სოციალური უსაფრთხოების ხარჯების პროცენტული წილი სახელმწიფოს მთლიან ჯანდაცვით ხარჯებში; სოციალური უსაფრთხოების და კეთილდღეობის ხარჯების წილი სახელმწიფოს მთლიან ხარჯებში;

8. კარგი მმართველობა და ინსტიტუტები: ხმა და პასუხისმგებლობა; ეფექტიანი მმართველობა; კორუფციის აღქმის ინდექსი.

კიდევ ერთი მეთოდოლოგია, არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემოთავაზებული 2017 წელს წარმოდგენილი ინკლუზიური ზრდისა და განვითარების ანგარიში მოცემული ინკლუზიური განვითარების ინდექსი. აღნიშნული ინდექსი მოიცავს 3 ჯგუფში გაერთიანებულ 12 ინდიკატორს.  [World Economic Forum, 2017: IX]. 

1. ზრდა და განვითარება:მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე; შრომის პროდუქტიულობა; დასაქმება; ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა;

2. ინკლუზიურობა:საშუალო შემოსავალი; ჯინის ინდექსი შემოსავლების მიხედვით; სიღარიბის მაჩვენებელი; ჯინის ინდექსი მთლიანი სახსრების მიხედვით;

3. თაობათაშორისი თანასწორობა და მდგრადობა:კორექტირებული წმინდა დანაზოგები; ასაკობრივი დამოკიდებულება; სახელმწიფო ვალი (მთლიანი სამამულო პროდუქტის პროცენტული წილი); ნახშირბადის ინტენსივობა (მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებაში).

მოცემული ინდიკატორებიდან ქვემოთ ჩვენ შევარჩევთ რამდენიმეს, რომლითაც მოვახდენთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შედარებით რანჟირებას. 

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ინდექსის გამოთვლის მეთოდოლოგია

როგორც ვხედავთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის გასაზომად საერთაშორისო ორგანიზაციები ინდიკატორთა ფართო ნაკრებს გვთავაზობენ. აღნიშნული ინდიკატორების გათვალისწინებით, ასევე პირველ პარაგრაფში განხილული ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის არსიდან გამომდინარე, გამოვყოფთ მიმართულებათა 4 ჯგუფს, რომლებიც მიგვაჩნია რომ მეტწილად აერთიანებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ ყველა ფაქტორს. აღნიშნული ჯგუფებია:

  1. ცხოვრების დონე;
  2. უთანასწორობა;
  3. მმართველობა;
  4. სახელმწიფო ფინანსები.

ცხოვრების დონე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა ამახვილებს ყურადღებას. აქედან გამომდინარე ჩვენს ინდექსში საჭიროდ მიგვაჩნია ისეთი ინდიკატორების არსებობა, როგორიცაა:

  1. მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე (აშშ დოლარი 2015 წლის ფასებში);
  2. დასაქმების დონე (%);
  3. ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა (წელი).

მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის არსებული უთანასწორობის აღმოფხვრა, ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ინკლუზიურმა ეკონომიკურმა ზრდამ უნდა გადაწყვიტოს. აღნიშნული მიმართულების შესაფასებლად ჩვენ შემდეგ ინდიკატორებს გამოვიყენებთ:

  1. ჯინის ინდექსი (ინდექსი მერყეობს 0 დან 100 მდე. 0 ნიშნავს იდეალურად თანაბარ გადანაწილებას, ხოლო 100 სრულ უთანასწორობას);
  2. მოსახლეობის ყველაზე მაღალშემოსავლიანი 20% ის შემოსავლების თანაფარდობა მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანი 20% ის შემოსავლებთან;
  3. სიღარიბის მაჩვენებელი (%).

სამართლიან და ეფექტიან მმართველობას ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის. აუცილებელია მოსახლეობა აღიქვამდეს, რომ მათი აზრი მნიშნელოვანია და ქვეყანაში ყველასთვის სამართლიანი და თანასწორი გარემო არის შექმნილი. ეს მნიშვნელოვანია, რათა ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს ეკონომიკურ პროცესებში ჩართვის. მოცემული მიმართულების შესაფასებლად გამოვიყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  1. კორუფციის აღქმის ინდექსი (ინდექსი მერყეობს 0 დან 100 მდე შუალედში, სადაც 0 აღნიშნავს კორუფციის მაღალ დონეს, ხოლო 100 კორუფციის დაბალ დონეს);
  2. ხმა და პასუხისმგებლობა (ინდიკატორი მერყეობს -2.5 დან +2.5 მდე შუალედში, სადაც უფრო მაღალი მაჩვენებელი უკეთეს მდგომარეობას გამოხატავს);
  3. ეფექტიანი მმართველობა (ინდიკატორი მერყეობს -2.5 დან +2.5 მდე შუალედში, სადაც უფრო მაღალი მაჩვენებელი უკეთეს მდგომარეობას გამოხატავს).

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახელმწიფო ფინანსების სწორი წარმართვა. მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკაში ჩასართავად საჭიროა ქვეყანში სათანადო განათლების დონის არსებობა და სახელმწიფოს აქტიური პოლიტიკა აღნიშნული მიმართულებით. სამართლიანი გარემოს შექმნისთვის მთავრობამ ასევე უნდა იზრუნოს მოსახლეობის დაუცველ ნაწილზე შესაბამისი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებით. აღსანიშნავია ასევე თაობათაშორისი თანასწორობა, რათა ერთი თაობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღება არ მოხდეს მომავალი თაობების ხარჯზე სახელმწიფო ვალის აღების გზით. აქედან გამომდინარე აღნიშნული მიმართულებით ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინდიკატორებია:

  1. მთავრობის ხარჯები განათლებაზე, როგორც მთავრობის მთლიანი ხარჯების წილი;
  2. ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, როგორც მთლიანი სამამულო პროდუქტის პროცენტული წილი;
  3. ცენტრალური მთავრობის ვალი (მთლიანი სამამულო პროდუქტის პროცენტული წილი).

რათქმაუნდა აღნიშნული ინდიკატორთა ნაკრები შეიძლება შეიცავდეს სხვა არაერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს, თუმცა მიგვაჩნია, რომ მოცემული შემადგენლობა მეტწილად სრულად გადმოცემს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის არსს და საშუალებას მოგვცემს შევადაროთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარება აღნიშნული მიმართულებით და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.

იმისათვის, რომ მოცემული მაჩვენებლები ადვილად შესადარებელი და აღსაქმელი იყოს, ჩვენ მათ აგრეგირებას მოვახდენთ 10 ბალიანი სისტემით. სადაც 10 ქულა აღნიშნავს მაღალ ინკლუზიურ ზრდას, ხოლო 1 ქულა დაბალ ინკლუზიურ ზრდაზე მიუთითებს. მონაცემთა აგრეგირებას მოვახდენთ შემდეგი ფორმულით:

სადაც Ii არის აგრეგირებული ინკლუზიური ზრდის ინდექსი კონკრეტული ინდიკატორისთვის; Y - მაჩვენებლებში კონკრეტული ქვეყნის შედეგი; YMIN - მაჩვენებლების მინიმუმი; YMAX – მაჩვენებლების მაქსიმუმი.

იმ ინდიკატორებისთვის, რომლის მაღალი მნიშვნელობა აღნიშნავს ქვეყნის ცუდ შედეგს, მოცემული ფორმულა შემდეგ სახეს მიიღებს:

მიღებული შედეგებიდან გამოვიყვანთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური ზრდის ინდექს, როგორც თითოეული ქვეყნისთვის, ასევე ქვეყნის ჯგუფებისთვის. გამოვყოფთ 5 ჯგუფს: 1. ბალტიისპირეთი (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია); 2. აღმოსავლეთ ევროპა (უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი); 3. სამხრეთ კავკასია (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი); 4. ცენტრალური აზია (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი; ყაზახეთი; თურქმენეთი) 5. რუსეთი.

როგორც ერთიანი, ასევე თითოეული ჯგუფისთვის არსებული ინდექსის მისაღებად გამოვიყენებთ შემდეგ ფორმულას:

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ინდექსი

გამომდინარე იქედან, რომ 2020 და 2021 წლები კორონავირუსის პანდემიის ფონზე კრიზისული იყო და ხასიათდებოდა ეკონომიკაზე მოქმედი არაეკონომიკური შინაარსის შოკებისგან, მართებულად მიგვაჩნია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ინდექსი დავიანგარიშოთ 2019 წლისთვის. (თუ რომელიმე მაჩვენებლის მონაცემი აღნიშნული წლისთვის არ არის ცნობილი, გამოვიყენებთ უახლოესი წლის ცნობილ მონაცემს). აღნიშნული მიდგომა ეფუძნება იმ დაშვებას, რომ კორონავირუსის დასრულების შემდეგ ქვეყნები დიდწილად განვითარების ძველ ჩარჩოებს დაუბრუნდებიან. 2019 წლისთვის თითოეული ქვეყნის წარმოდგენილი ინდიკატორების მაჩვენებლები მოცემულია ცხრილ 1 ში.

ცხრილი 1. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ინდექსის შემადგენელ ინდიკატორთა მაჩვენებლები

ქვეყანა

ინდიკატორის N

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

ესტონეთი

20,408.4

60.8

69.2

30.8

4.8

0.8

74.0

1.2

1.2

13.4*

6.7

9.8

ლიეტუვა

17,241.3

58.2

66.7

35.3

6.1

0.7

60.0

1.0

1.0

11.7*

7.0

35.0

ლატვია

16,056.0

57.4

66.2

34.5

5.9

0.7

56.0

0.9

1.1

11.1*

6.6

35.5

ყაზახეთი

11,402.8

66.7

65.0

27.8*

3.9*

0.2*

34.0

-1.2

0.1

14.1

2.8

18.5

ბელარუსი

6,264.9

61.7

66.0

25.3

3.5

0.0

45.0

-1.4

-0.2

13.2

5.9

37.6

მოლდოვა

3,435.5

40.1

64.5

26.0

3.6

0.5

32.0

-0.1

-0.4

19.5

6.4

25.0

უკრაინა

2,425.6

51.7

64.3

26.6

3.8

0.2

30.0

0.0

-0.3

13.1

7.1

50.2

სომხეთი

4,350.5

44.2

67.1

29.9

4.3

9.8

42.0

0.1

-0.1

9.0*

11.3

50.1

რუსეთი

9,942.4

59.4

64.2

37.7

6.4

0.3

28.0

-1.1

0.2

14.3*

5.6

13.2

საქართველო

4,773.4

55.6

64.7

35.9

6.3

14.8

56.0

0.2

0.8

13.0*

6.7

40.4

ყირგიზეთი

1,226.8

54.6

65.8

29.7

4.1

9.7

30.0

-0.5

-0.7

16.5

4.5

51.6

უზბეკეთი

3,161.4

55.8

64.7

N/A

N/A

N/A

25.0

-1.7

-0.5

20.5**

5.6

N/A

აზერბაიჯანი

5,348.3

63.3

63.6

N/A

N/A

N/A

30.0

-1.5

-0.1

8.1

4.0

17.7

თურქმენეთი

7,692.6

44.5

62.1

N/A

N/A

N/A

19.0

-2.2

-1.2

23.0

6.6

32.2

ტაჯიკეთი

1,174.1

38.0

62.0

N/A

N/A

N/A

25.0

-1.8

-1.0

18.7

7.1

N/A

შენიშვნა: ნუმერაცია შეესაბამება მეორე პარაგრაფში მოცემულ ინდიკატორთა ნუმერაციას და

                  ზომის  ერთეულებს

                  * 2018 წლის მონაცემები

                  ** 2020 წლის მონაცემები

                  N/A - მაჩვენებელი არ არსებობს

წყარო: The World Bank; World Health Organization; Transparency International; International   Monetary Fund; Ministry of Finance of Georgia.

მოცემული მაჩვენებლების აგრეგირებას თუ მოვახდენთ ზემოთ განხილული ფორმულით, მივიღებთ 10 ბალიანი სისტემით რანჟირებულ ინდექსებს თითოეული ქვეყნისთვის და ინდიკატორისთვის. მოცემული ინდექსების საშუალო მაჩვენებელი იქნება ჩვენს მიერ საძიებო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ინდექსი. (იხ. ცხრილი 2)

ცხრილი 2. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ინდექსი

N

ქვეყანა

ინდიკატორის N

საშუალო ინდექსი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

1

ესტონეთი

10.0

8.2

10.0

6.0

6.0

9.5

10.0

10.0

10.0

4.2

5.2

10.0

8.25

2

ლიეტუვა

8.5

7.3

6.9

2.7

1.8

9.6

7.7

9.5

9.5

3.2

5.4

4.6

6.40

3

ლატვია

8.0

7.1

6.3

3.3

2.5

9.6

7.1

9.1

9.7

2.9

5.0

4.5

6.24

4

ყაზახეთი

5.8

10.0

4.8

8.2

9.0

9.9

3.5

3.6

5.9

4.6

1.0

8.1

6.19

5

ბელარუსი

3.4

8.4

6.0

10.0

10.0

10.0

5.3

3.1

4.8

4.1

4.2

4.0

6.10

6

მოლდოვა

2.1

1.7

4.1

9.5

9.7

9.7

3.1

6.6

4.0

7.9

4.8

6.7

5.82

7

უკრაინა

1.6

5.3

3.9

9.1

9.3

9.9

2.8

6.9

4.3

4.1

5.5

1.3

5.32

8

სომხეთი

2.5

2.9

7.4

6.7

7.5

4.0

4.8

7.0

5.2

1.6

10.0

1.3

5.07

9

რუსეთი

5.1

7.7

3.8

1.0

1.0

9.8

2.5

3.9

6.0

4.8

4.0

9.3

4.90

10

საქართველო

2.7

6.5

4.4

2.3

1.2

1.0

7.1

7.3

8.7

3.9

5.1

3.4

4.46

11

ყირგიზეთი

1.0

6.2

5.7

6.8

8.2

4.1

2.8

5.6

2.8

6.1

2.8

1.0

4.43

12

უზბეკეთი

1.9

6.6

4.4

N/A

N/A

N/A

2.0

2.4

3.5

8.5

4.0

N/A

4.16

13

აზერბაიჯანი

3.0

8.9

3.0

N/A

N/A

N/A

2.8

2.8

4.9

1.0

2.3

8.3

4.11

14

თურქმენეთი

4.1

3.1

1.1

N/A

N/A

N/A

1.0

1.0

1.0

10.0

5.0

5.2

3.49

15

ტაჯიკეთი

1.0

1.0

1.0

N/A

N/A

N/A

2.0

2.0

1.4

7.4

5.5

N/A

2.67

მოცემულ მონაცემებს თუ დავაჯგუფებთ რეგიონების მიხედვით გვექნება შემდეგი სურათი (იხ. ცხრილი 3):

ცხრილი 3. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ინდექსი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჯგუფების მიხედვით

N

ქვეყნების ჯგუფი

ქვეყნის ჯგუფის საშუალო ინდექსი

1

ბალტიისპირეთი

6.96

2

აღმოსავლეთ ევროპა

5.75

3

რუსეთი

4.90

4

სამხრეთ კავკასია

4.55

5

ცენტრალური აზია

4.19

როგორც ჩატარებული კვლევიდან ვხედავთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის კუთხით ყველაზე წარმატებული ბალტიისპირეთის ქვეყნებია. პირველ ადგილს იკავებს ესტონეთი, მეორეს ლიეტუვა, მესამეს კი ლატვია.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღნიშნულ ქვეყნებში დაიწყო საკმაოდ სწრაფი და რადიკალური რეფორმების განხორციელება, რამაც დააჩქარა მათი გადასვლა მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე და ხელი შეუწყო სამართლიანი და ყველასთვის თანასწორი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას. აღნიშნულ ქვეყნებში განხორციელებული არაერთი რეფორმა მოგვიანებით მისაბაძი მაგალითი გახდა უკრაინისთვის და საქართველოსთვის, თუმცა როგორც ვხედავთ მათ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ და ისინი შესაბამისად მე-7 და მე-10 ადგილს იკავებენ რეიტინგში. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების განვილი გზის ანალიზი აღნიშნული კვლევის შემდგომი გაგრძელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

მეორე ადგილს ქვეყნების ჯგუფის მიხედვით იკავებს აღმოსავლეთ ევროპა. მიუხედავად იმისა რომ ამ ჯგუფში შემავალი ბელარუსი, რომელიც მე-5 ადგილს იკავებს, დემოკრატიული რეფორმებით დიდად არ გამოირჩევა, ის საკმაოდ წარმატებულია სიღარიბის დაბალი დონის და  ქვეყანაში არსებული დაბალი უთანასწორობის გამო, რაც ხელს უწყობს, რომ ამ უკანასკნელის ეკონომიკური განვითარება, მიუხედავად მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის დაბალი მაჩვენებლისა, იყოს უფრო მეტად ინკლუზიური.

სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ჯგუფში შემავალი ქვეყნები შეიძლება ითქვას რომ  ვერ გამოირჩევიან ვერც ეკონომიკური განვითარების მაღალი მაჩვენებლებით  და ვერ იმ ფაქტორებით, რომლებიც არსებული ეკონომიკური სარგებლის სამართლიან გადანაწილებას უზრუნველყოფს მოსახლების სხვადასხვა ფენებში (ინდიკატორთა მეორე ჯგუფი). აქედან გამომდინარე მათ ყველა მიმართულებით უფრო მეტი სამუშაო აქვთ. აღნიშნული შედეგების მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს, დაწყებული არსებული სამხედრო კონფლიქტებით, ევროპისგან დაშორებით და ა.შ.

როგორც ცხრილიდან ვხედავთ საქართველო ჩამორჩება მოლდოვას და უკრაინასაც. აღნიშნული ჩამორჩენის ძირითადი მიზეზი არის მე-4, მე-5, მე-6 ინდიკატორები, რომლებიც ქვეყანაში არსებულ უთანასწორობას განსაზღვრავს. ამ ინდიკატორებში მოცემულ ქვეყნებს შედარებით მაღალი მაჩვენებლები აქვს, მაშინ როდესაც საქართველოს შედეგები ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სწორედ ინდიკატორთა მესამე ჯგუფშია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სიღარიბის მაჩვენებლის მხრივ საქართველოს ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან შედარებით განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აქვს. ჯინის ინდექსისა და მოსახლეობის ყველაზე მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი 20% ის თანაფარდობის მხრივაც საქართველო მხოლოდ რუსეთს უსწრებს.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში არსებული უმთავრესი გამოწვევა, რაც დაბალ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, სწორედ სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი და უთანასწორობაა.

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის პირველ რიგში ქვეყანას სწორედ აღნიშნული მიმართულებით აქტიური პოლიტიკის გატარება სჭირდება რათა უზრუნველყოს სიღარიბისა და მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის არსებული უთანასწორობის აღმოფხვრა.

როგორც შედარებითი ანალიზიდან გამოჩნდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯგუფი ყველაზე წარმატებულია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხრივ, განსაკუთრებით კი ესტონეთი რომელიც უდავო ლიდერია ყველა მიმართულებით განსაკუთრებული მაღალი მაჩვენებლების გამო. საქართველოს ძირითადად მმართველობის ჯგუფში აქვს მაღალი მაჩვენებლები, სხვა მიმართულებები კი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს.

სურათ 1 ზე მოცემულია თუ რომელი ინდიკატორთა ნაკრები განაპირობებს თითოეული ქვეყნის ჯგუფის ზემოთ წარმოდგენილ მაჩვენებელს. როგორც მოცემული სურათიდან ვხედავთ სამხრეთ კავკასიის გარდა ქვეყნის ყველა ჯგუფს წარმოდგენილი 4 ინდიკატორთა ჯგუფიდან 1 ში მაინც შედარებით გამოკვეთილი მოწინავე პოზიცია აქვს, მაშინ როდესაც სამხრეთ კავკასია ოთხივე მაჩვენებლით ცენტრშია მოქცეული. აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს სამხრეთ კავკასიის და საქართველოს წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის გზაზე.

სურათი 1. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ინდექსი ქვეყნის ჯგუფებისა და ინდიკატორთა ნაკრებების მიხედვით.

 

დასკვნა

ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი საზრუნავი არის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, რისთვისაც საჭიროა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ისიც, რომ აღნიშნული ზრდა თანაბრად და სამართლიანად ნაწილდებოდეს მოსახლების სხვადასხვა ნაწილზე და მოიცავდეს ეკონომიკის არაერთ სექტორს, რაც წარმოადგენს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მთავარ არსს.

უთანასწორობა და სიღარიბე XXI საუკუნის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მასში შემავალ ქვეყნებს მძიმე მემკვიდრეობა ხვდათ წილად. ზოგმა შესძლო უკეთ გამკლავებოდა არსებულ გამოწვევებს, ზოგი კი დღესაც პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის გზაზე დგას.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობა დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ის ზოგადი შტრიხები, რომლებითაც ინკლუზიური ზრდა შეგვიძლია დავახასიათოთ:

  • ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც უნდა მოიცავდეს ეკონომიკაში შემავალი დარგების უმრავლესობას და გავრცელებული იყოს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე;
  • ეკონომიკური ზრდის პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და ქვეყნის ყველა შრომისუნარიან მოქალაქეს თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ჩაერთოს ეკონომიკურ საქმიანობაში;
  • ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებელი უნდა ნაწილდებოდეს მთელს მოსახლეობაზე სამართლიანად, თითოეული ადამიანის გაწეული შრომის და მისი შეტანილი წვლილის შესაბამისად;
  • მსგავსმა ეკონომიკურმა განვითარებამ და ამ პროცესში მოსახლეობის ფართო ჩართულობამ უნდა მიგვიყვანოთ სიღარიბისა და მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის არსებული უთანაბრობის შემცირებამდე.

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში მე-10 ადგილს იკავებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხრივ. საქართველოს განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლები აქვს სიღარიბისა და უთანასწორობის მხრივ. საშუალოზე საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელი არის ასევე მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის მხრივ. შედეგად საქართველოსთვის პრიორიტეტულია როგორც ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ასევე აღნიშნული ზრდისგან მიღებული სარგებლის მოსახლეობაში სამართლიანად და თანასწორად გადანაწილების უზრუნველყოფა.

რათქმაუნდა აღნიშნული მიზნების მიღწევა ასევე ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. ჩვენ გვინდა გამოვყოთ ის 2 ძირითადი ფაქტორი, რომლებიც მიგვაჩნია, რომ უფრო დიდწილად განსაზღვრავენ თუ რამდენად ეფექტიანად მოხდება ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესრულება:

  1. განათლებული საზოგადოების ფორმირება - როგორც უკვე ვთქვით ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა ვერ მიიღწევა თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩაერთო ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად და მათმა ჩართულობამ ხელი არ შეუწყო სხვადასხვა სექტორების განვითარებას. თუმცა ეს უკანასკნელი უბრალოდ შეუძლებელი იქნება თუ ქვეყანაში მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები, რათა თავისი წვლილი შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში. ამისათვის კი აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება მიექცეს განათლების სისტემის სრულყოფას და განათლებული საზოგადოების ფორმირება იყოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი.
  2. სამართლიანი გარემოს ფორმირება - მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ინკლუზიური ზრდისთვის აუცილებლად მიგვაჩნია არის თითოეული მოქალაქისთვის თანასწორი და სამართლიანი გარემოს ფორმირება. აქ საუბარი გვაქვს როგორც კორუფციის გამოვლენის მინიმუმამდე შემცირებაზე, ასევე ბიზნესის წარმართვისთვის საჭირო ინფორმაციის ქონისა თუ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების არსებობაზე, სასამართლო სისტემაზე და ა.შ, რათა თითოეული პოტენციური მეწარმე გრძნობდეს, რომ მას სხვასთან მიმართებაში თანაბარი შესაძლებლობა აქვს ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების თუ მისი  წარმატებულად განხორციელების.

გამოყენებული ლიტერატურა